16 დეკემბერს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვევით ევროკავშირის ელჩმა სქართველოში, იანოშ ჰერმანმა გამართა საჯარო ლექცია თემაზე „გადაწყვეტილების მიღების პროცესის გამოწვევები საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე“. აღნიშნული შეხვედრა განსაკუთრებით საინტერესო იყო ვიზალიბერალიზაციის პროცესში წინგადადგმული ნაბიჯების ფონზე.

ბატონმა იანოშმა ისაუბრა ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა საქართველოში არსებული დაბრკოლებები ევროინტეგრაციის პროცესში და ამ დაბრკოლებების გადალახვის გზები. განხილული იყო სხვადასხვა საკითხები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას დღის წესრიგში უდგას და რომელთა მოგვარებაც დღეს სახელმწიფოს პრიორიტეტია. ბატონი ელჩის გამოსვლის შემდეგ შეხვედრა გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმში. სტუდენტებს აინტერესებდათ საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ტენდენციები ეკონომიკის სფეროში.საუბარი ასევე შეეხო გეოპოლიტიკურ ცვლილებებს ევროპის კონტინენტზე და მათ გავლენას კავკასიის რეგიონში ევროკავშირის ჩართულობაზე.

იანოშ ჰერმანის ვიზიტის ფარგლებში შედგა შეხვედრა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორთან, პროფ. ილიას ჩილოღლუსთან. უნივერსიტეტს ბატონ იანოშ ჰერმანთან თანამშრომლობის დიდი გამოცდილება აქვს: ის მთავარი მომხსენებლის სტატუსით მონაწილეობას იღებდა სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ აბრეშუმის გზის მე-10 საერთაშორისო კონფერენციაში „ევროკავშირის ასოცირების შეთანხმება: პერსპექტივები და გამოწვევები“.

აღნიშნული ლექციით დასრულდა საერთაშორისო ურთიერთობებისა და საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის ერთობლივი პროექტის “გადაწყვეტილების მიღების პროცესის გამოწვევები საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაში“ პირველი ეტაპი. პროექტის ფარგლებში სამი თვის განმავლობაში გაიმართება საჯარო ლექციების სერია, რომელსაც გაუძღვებიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიმღები პირები, ექსპერტები, ადგილობრივი თუ მოწვეული ლექტორები და ა.შ. პროექტის ბოლოს წინასწარ დარეგისტრირებული სტუდენტები მიიღებენ სერთიფიკატებს, ასევე მათთვის განხორციელდება პროფესიული ვიზიტი შესაბამის საჯარო დაწესებულებაში.