სამაგისტრო პროგრამა

2015 წლიდან შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე ფუნქციონირებს ქართულენოვანი შედარებითი კომერციული სამართლის სამაგისტრო პროგრამა, ინგლისური კომპონენტებით. პროგრამის მიზანია სტუდენტს მისცეს სიღრმისეული და სისტემური ცოდნა კომერციულ სფეროში, უპირატესად, კერძოსამართლებრივ ურთიერთობათა მოწესრიგების შესახებ. სამართლის ნებისმიერი მიმართულების შესწავლისას მხოლოდ ეროვნულ ნიადაგზე მიღებული ცოდნა ვეღარ აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს, რაც აუცილებელია სამართალმცოდნისათვის და ამიტომ პროგრამაში შემავალ სასწავლო დისციპლინებში წარმოდგენილი თემატიკა განიხილება რომანული, გერმანული, ინგლისური და აშშ-ის საერთო სამართლის, ასევე ევროპული კავშირის სამართლის ანალოგებთან შედარების მეთოდით. კომპარატივისტიკაზე დაფუძნებული სწავლება სტუდენტისათვის არსებული ცოდნის გაღრმავების, აზროვნების თვალსაწიერის ზრდისა და პრობლემური საკითხების ინოვაციური გადაწყვეტის შესაძლებლობას იძლევა. ქართველ სპეციალისტებთან ერთად სწავლების ყველა სემესტრში ჩართულნი არიან უცხოელი პროფესიონალები. არჩევითი საგნების მრავალფეროვანი ჩამონათვალიდან სტუდენტს ეძლევა შესაძლებლობა მისთვის სასურველ ქვედარგსა თუ დისციპლინაში ინგლისურ ენაზე მოისმინოს პროგრამასთან ასოცირებული იტალიელი ჰოლანდიელი, გერმანელი და ამერიკელი პროფესორებისა თუ პრაქტიკოსი სპეციალისტების ლექციები.