შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სამართლის პროგრამა ფუნქციონირებს 2010 წლიდან. იგი 2016 წელს გამოეყო სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტს და ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი სახით.

ფაკულტეტის მიზანია აღზარდოს განათლებული, ჰუმანური, სოციალური პასუხისმგებლობის მქონე პროფესიონალი და კონკურენტუნარიანი იურისტთა თაობა, რომლიც აღზრდილი ექნება თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემის მოთხოვნათა შესაბამისად. მისი ცოდნა დაეფუძნება ეროვნულ და ზოგადსამართლებრივ   პრინციპებს, ინსტიტუტებს, კონცეფციებს,  ექნება მზაობა სახელისუფლებო, თვითმმართველობისა და კერძო სტრუქტურებში ნაყოფიერი მუშაობის.

სამართლის ფაკულტეტი ახორციელებს სამართალმცოდნეობის საბაკალავრო და  სამაგისტრო პროგრამებს. სამართლის ფაკულტეტზე კვალიფიციურ  აკადემიურ პერსონალთან ერთად მოღვაწეობენ წამყვანი პრაქტიკოსი სპეციალისტები და დარგის ექსპერტები. ფაკულტეტი გამორჩეულია ინოვაციური მიდგომებით, თანამედროვე გამოწვევების შესაბამისი პროგრამით. სასწავლო პროცესი, თეორიულ კომპონენტთან ერთად ორიენტირებულია პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და ამ გზით – კონკურენტუნარიანი სპეციალისტების ჩამოყალიბებაზე. ხშირად ტარდება კონფერენციები, სემინარები, იმიტირებული პროცესები და საჯარო ლექციები. აკადემიური პროგრამა და სასწავლო რესურსები შეესაბამება  წამყვანი სამართლის ფაკულტეტების პროგრამებსა და ინფრასტრუქტურას. სამართლის ფაკულტეტის კურსდამთავრებულები გამოირჩევიან მაღალკვალიფიციურობით და პრაქტიკული უნარ-ჩვევებით, რაც მათ საშუალებას აძლევს პროფესიით დასაქმდნენ წამყვან კერძო კომპანიებსა და სახელმწიფო დაწესებულებებში.

სამართლის ფაკულტეტზე ფუნქციონირებს  იურიდიული კლინიკა, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში საქმის განხილვაში  წარმომადგენლობას და ადვოკატირებას. ცენტრში ჩართულნი არიან ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები, რომლებიც ტრენერ-ადვოკატის ხელმძღვანელობით, უშუალოდ იღებენ მონაწილეობას სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებას, კლიენტების კონსულტირებასა და მათ წარმომადგენლობით პროცესში.

ჩვენთან სწავლის შემთხვევაში მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს საშუალება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამებში მსოფლიოს მასშტაბით  20-ზე მეტ პარტნიორ უნივერსიტეტში. ჩვენ ასევე ვთავაზობთ კლასგარეშე აქტივობების ფართო არჩევანს, ვინაიდან ამ კომპონენტს წარმატებული საგანმანათლებლო პროცესის განუყოფელ ნაწილად მოვიაზრებთ. უნივერსიტეტი მხარს უჭერს წარმატებული სტუდენტების ჩართულობას საერთაშორისო ახალგაზრდულ პროექტებში და ეხმარება მათ დასაქმებაში.