შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით, 30 მარტს, ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შემეცნებით-გასვლითი ტური გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში სტუდენტები დაესწნენ გამწესრიგებელ სხდომას საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ლაშა ჩალაძე, გივი კაპანაძე და მარიკა თოდუა საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №858).

სტუდენტებმა უშუალოდ გაიცნეს საკონსტიტუციო სასამართლოს სტრუქტურა და საქმის განხილვის წესი. პროცესზე მოსარჩელეებმა სადავოდ გახადეს ნორმები,რომლებიც ადგენს დასაქმებულისათვის ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, აგრეთვე ბავშვის შვილად აყვანის გამო შვებულების მიცემის წესს, ანაზღაურებადი შვებულების ოდენობასა და შვებულების ანაზღაურების პროცედურას. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმების საფუძველზე, მამაკაცები მოკლებულნი არიან ბავშვის მოვლის გამო შვებულებით სარგებლობისა და ამგვარი შვებულების ანაზღაურების მიღების შესაძლებლობას, რაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციით გარანტირებულ თანასწორობის უფლებას(საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი), შრომით უფლებებს (საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტები), ქორწინებისა (საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი პუნქტი) და ოჯახის კეთილდღეობის (საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტი) უფლებებს.

საქმე განიხილა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა , პროცესის შემდეგ გაიმართა შეხვედრა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე – ზაზა თავაძესთან, მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძესა და ირინა იმერლიშვილთან.

  • 29572479_1655209684559205_7557454071580435842_n
  • 29594628_1912979142076660_1724887240041053411_n
  • 29683158_1655207104559463_4092267225722936540_n
  • 29683196_224870508259377_2116790835336952167_n
  • 29683417_224870628259365_634326469316380409_n
  • 29694890_1912566008784640_5024518090322337500_n