უნივერსიტეტთაშორისი სტუდენტური

კონფერენცია სამართლის აქტუალური საკითხები

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა ერთობლივად ატარებენ ყოველწლიურ უნივერსიტეტთაშორის სტუდენტურ კონფერენციას სამართლის აქტუალური საკითხები.

სტუდენტური კონფერენცია განკუთვნილია სამართლის სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის და მიზნად ისახავს ახალგაზრდა იურისტების დაინტერესებას სამართლის  აქტუალური საკითხების კვლევით; იგი ხელს უწყობს სტუდენტთა შორის სამართლებრივი ანალიტიკური აზროვნების ჩამოყალიბებასა და განვითარებას, ქმნის პრობლემის სხვადასხვა კუთხით დანახვისა და  გადაჭრის განსხვავებული გზების დასახვის პერსპექტივას; იგი ქმნის აქტუალური, საინტერესო პრაქტიკული და დოგმატური საკითხების სიღრმისეულად განხილვისა და საკუთარი მიდგომის, დასაბუთებული აზრის ჩამოყალიბების შესაძლებლობას, ასევე ემსახურება სტუდენტების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას,  ნიჭიერი სტუდენტების გამოვლენასა და წახალისებას.

კონფერენციაზე შესაძლებელია საკონსტიტუციო, სისხლისა და კერძო სამართლის აქტუალურ და პრობლემურ საკითხებზე კვლევათა წარმოდგენა. მონაწილეებს ეძლევათ საშუალება, დასამუშავებელი თემა შეარჩიონ შეთავაზებული საორიენტაციო ჩამონათვალიდან, თუმცა, ორგანიზატორებთან შეთანხმებით, მისაღებია კონფერენციის მონაწილეთა მიერ თავად შერჩეული თემაც.

ერთობლივი კონფერენცია 2016 წლიდან ყოველი სასწავლო-აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრში იმართება და მონაწილეთა რაოდენობაც ყოველწლიურად იზრდება.